მოურინიო: “ოსიმენი ძალიან ხშირად სიმულიანტობს”

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” თავისი ნიგერიელი ცენტრფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი სტამბოლის “გალათასარაიში” გაანათხოვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი ახლა სწორედ “ლომებს” ჰყავთ.

ბუნებრივია, ამაზე “გალას” უშუალო კონკურენტის, “ფენერბახჩეს” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოსაც ჰკითხეს. “განსაკუთრებულმა” 25 წლის თავდამსხმელისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა მის ერთ უარყოფით თვისებასაც გაუსვა ხაზი.

“ოსიმენი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მე რომ კლუბს ვფლობდე და მისი 70-75 მილიონ ფუნტად ყიდვა შემეძლოს, ამას გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, თურქეთში იგი განსხვავებული პირობებით ჩამოვიდა, მაგრამ ამ პირობებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ “გალათასარაიმ” ბრწყინვალე მოთამაშე დაიმატა.

ვიქტორთან პრობლემები არ მაქვს. საერთოდაც, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მას ჩემს გუნდთან უწევს თამაში, ვესაუბრები ხოლმე, რადგან არ მომწონს, თუ როგორ იქცევა მინდორზე. ის ზედმეტად ხშირად სიმულიანტობს.

“ნაპოლისა” და “რომას” ბოლო მატჩის დროს მას ვუთხარი: “მისმინე, შენ ორი საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ხარ: შენ და სალაჰი. წარსულში დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო და ჟორჟ ვეა ატარებდნენ ამ წოდებას. შენ ასე არ უნდა იქცეოდე.”

ოსიმენი ბევრს სიმულიანტობს და მისდამი ჩემი პრეტენზიაც ესაა. 10 წუთის შემდეგ, ყველაფერი მოგვარებულია და ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს,” – თქვა მოუმ.

აქვე გეტყვით, რომ ნიგერიელისა და მოურინიოს გზები 21 სექტემბერსვე გადაიკვეთება. “ფენერბახჩე” “გალათასარაის” შინ, თბილისის დროით 21 საათიდან მიიღებს.

More From Author

კიდევ ერთი აღიარება! – რომელი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *